საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით – "გამოდი უკრაინისთვის" მიმდინარეობს. უკრაინის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორები "მოძრაობა სირცხვილია", "დემოკრატიის მცველები" და "შეცვალე" და "დროა" არიან.
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ ის დასავლეთის მხარეს არ არის, ცხადია და ამ ფონზე მნიშნველოვანია მოქალაქეების აქტიურობა.
"ოფიციალური თბილისის პოზიცია ძალიან ცხადია, ამ ძალიან მკაფიო დაპირისპირებაში, ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ განვითარებულ სამყაროსა და აგრესორ რუსეთს შორის, ჩვენი ხელისუფლება არ არის დასავლეთის მხარეს და ამითი შესაბამისად, არ იცავს საქართველოს იმ საფრთხეებისგან, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შემოიფარგლოს საქართველოს პოზიცია მხოლოდ მთავრობის მოქმედებებით. მოქალაქეების აქტიურობა, თითო დროშა გაშლილი, თითო ადამიანი გამოსული, ეს არის სოლიდარობის ის ჟესტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ომის დროს და აჩვენებს საქართველოს სახეს, რომ ჩვენ სინამდვილეში გაკეთებული გვაქვს დასავლური არჩევანი" – ამბობს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.
"დიდება უკრაინას", "დიდება გმირებს", "საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე" – ეს არის აქციის მთავარი სლოგანები.
"დღეს ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, უკრაინის ბრძოლა არ არის მხოლოდ ეს, ეს საქართველოს ბრძოლაცაა, 90–იან წლებში აფხაზეთის ომში ჩვენი უკრაინელი ძმები გვერდში გვედგნენ და ამბობდნენ " დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში და უკრაინისთვისაც ვიბრძვით, რადგან შეიძლება მოსკოვი ხვალ კიევში შემოიჭრეს" –ამბობენ აქციის მონაწილეები.